| The Free Site | vBuddy - make friends, share photos, blogs, have fun | Cheap Web Hosting - starting at $5 |
რამდენიმე სიტყვა ამ გვერდის
შექმნის მიზეზებზე
მთავარი ქრისტიანისთვის უთუოდ ქრისტესთან სიახლოვეა. ეს სიახლოვე მადლზეა დამოკიდებული. მადლს ხილული და უხილავი გზები აქვს, რომლებიც ხშირად ჩვენთვის დაფარულია. ერთ-ერთი ხილული გზა არის ეკლესია, ერთიანი თავისი ხილულობით და ამით ღვთის ერთიანობაზე მიმნიშნებელი.
ასეთია კათოლიკური ეკლესია, მსოფლიოს ყველა კუთხეში მყოფი, როგორც ერთიანი სხეული, მათ შორის საქართველოში. ისევე როგორც სხვა ეროვნების კათოლიკეებს, არც ქართველ კათოლიკებს აქვთ რაიმე დასამალი ან სასირცხვილო მათი წარსულიდან ან აწმყოდან. უფრორე პირიქით. თუმცა ბოლო ათი წელია უნდათ ქართველ კათოლიკეებზე დაწოლა იმით მოახდინონ, რომ თითქოს ისინი უცხო სხეულს წარმოადგენდნენ მსოფლიო მოსახლების იმ ნაწილში, რომელიც ქართულად საუბრობს. ამაში სასიხარულოც არის და სამწუხაროც. სასიხარული არის ის სიმართლე, რომელიც ამ სიტყვებში მთქმელთა განზრახვებისგან დამოუკიდებლად დამალულა. ქრისტიანი, იქამდე სანამ იგი ქრისტიანია, უცხო სხეული იყო და იქნება ყველგან თავისი რწმენიდან გამომდინარე, საქართველო იქნება ეს თუ სხვა ქვეყანა. იგი ბოლომდე ვერ გააგივებს თავს რაიმე ერთ ეროვნებასთან თუ ენასთან. იგი ქრისტეს ქვეყნის შვილია, რაც მეტია, ვიდრე სხვა განსაზღვრება. სამწუხარო კი არის ცილისწამება, რომელსაც ქართველი კათოლიკენი წლობით ისმენენ.
რა მნიშვნელობა აქვს, ან თუ რაიმე მნიშვნელობა აქვს, ვის აინტერესებს, ანდა თუ ვინმეს აინტერესებს, ვინ იცის, რომ კათოლიკეებს, ზუსტად იმდენივე წლის ისტორია აქვთ საქართველოში, როგორც სხვებს (1230-1240 წლებამდე ქართული ეკლესია ისედაც ახსენებდა რომის ეკლესიას წირვისას, ანუ ბერძნებისგან განსხვავებით მასთან ერთიანი იყო, 1233 წლიდან კი ლათინელი წესის კათოლიკებზე მოწმობენ წყაროები). ანდა რამდენმა იცის, რომ საუკუნეთა მანძილზე ქართველი მეფეები გამუდმებით ცდილობდნენ ან ახერხებდნენ და ანახლებდნენ ერთიანობას რომის ეკლესიასთან, რომ მთავარი და საბოლოო გარდატეხა მხოლოდ მე-18 საუკუნეში მოხდა, რაზეც სხვა თუ არაფერი სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ კათოლიკოსის ცხოვრების კატაკლიზმები მოწმობენ. ყველა ამ მოვლენის გაცნობის მსურველს შეუძლია ეს მიხეილ თამარაშვილის წიგნებში უხვად მოიძიოს. აქ კი მხოლოდ ერთის თქმაა სასურველი: ქართული მმართველი ელიტის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ რუსეთის სასარგებლოდ მოიტანა არა მარტო ის შედეგი, რომ საქართველოში კათოლიკობა ისეთივე უცხო ჰგონიათ, როგორც თვით რუსეთში, არამედ უფრო მეტიც, ქართულ (-საბჭოთა) ისტორიოგრაფიას როგორც ჩანს არც ეს საკითხი მიაჩნია კვლევის ღირსად და არც თამარაშვილი ისტორიკოსად. არადა სწორედ მათ უნდა ეფიქრათ ისტორიული სიმართლის რეაბილიტაციაზე, თორემ ქრისტეს მძებნელი ადამიანი თავის ეკლესიას ისტორიკოსების გარეშეც იპოვის. ქრისტე ცოცხალია და აწმყოშია ჩვენთან.
თქვენი მოსაზრებები შეგიძლიათ მოგვწეროთ:
romguli@yahoo.com